სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ დაარსებულია 1977 წელს ქ. ახალციხეში, შოთა რუსთაველის #111 -ში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო  დაწესებულების საფუძველზე. კოლეჯი ოპერირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და არის მრავალპროფილური. მისი მთავარი მისიაა  რეგიონის შრომის ბაზრის შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.

            ბოლო ათწლეულის განმავლობაში კოლეჯმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. განხორციელდა დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, აღიჭურვა უახლესი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლო და დამხმარე სივრცეებით კოლეჯში სწავლების და თანამედროვე ეფექტური ფორმებია დანერგილი: მოდულური, დუალური, კორპორაციული, ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა სწავლის მსურველმა მასზედ მორგებული მიდგომა აირჩიოს.

            ასევე ფუნქციონირებს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც ძირითადად ზრდასრული ბენეფიციარებისთვისაა მნიშვნელოვანი და დამსაქმებლის მზარდ მოთხოვნას შეესაბამება – მოკლე დროში მიიღოს კვალიფიციური კადრი.

            კოლეჯი ურთიერთობს სხვა ქვეყნების პროფესიულ დაწესებულებებთან: ესტონეთის, ტალინის საამშენებლო სკოლასთან, სლოვენიის სატყეო მიმართულების სასწავლებელთან, ამჟამად მუშაობს ერასმუსის პროგრამის მიმართულებით, რათა თანამშრომლობა დაამყაროს ქვეყნის გარეთ არსებული შესაბამისი პროფილის პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. კოლეჯმა განახორციელა სტუდენტების 6 თვიანი სტაჟირება გერმანიაში, სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი მეცხოველეობის მიმართულებით. ასევე მოხდა პედაგოგების გადამზადება; ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში, ესტონეთში, სლოვენიაში, თურქეთში. ზემოთ აღნიშნული აქტივობები ძირითადად განხორციელდა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციებისა და პროგრამების მონაწილეობით (INNOVE,UNDP, GIZ) განახორციელა არაერთი პროექტი: „ინკლუზიური განათლება,“ სასკოლო პროფორიენტაციული ხასიათის, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის მეურნეობისათვის და სხვა ექსტრაკურიკულური პროექტები, რომლებიც სტუდენტების ზოგად განვითარებას უწყობს ხელს.

            კოლეჯში ფუნქციონირებს ფაბლაბის ლაბორატორია „ფაბლაბ ოპიზარი“, საერთაშორისო ცისკოს აკადემიის ინტეგრირებული კურსი, შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობა, რაც სტუდენტურ ინიციატივების წინ წამოწევას და განხორციელებას უწყობს ხელს.

            კოლეჯი არსებული ავტორიზებული 29 პროგრამის განახლება-ჩანაცვლებით გეგმავს მაქსიმალურად ადაპტირდეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და მიაწოდოს მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნისა და რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაში.

            კოლეჯის გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს კოლეჯის განვითარებაზე და მისი ცნობადობის ამაღლებაზე, რისთვისაც მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა შეიქმნას ერთიანი უსაფრთხო სივრცე მოტივირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისთვის.