2025 წლის 22 მაისს, Silk Factory Studio-ში გაიმართა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსი „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 15 პროფესიულმა კოლეჯმა. ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და მოდის მიმართულების გაძლიერებას.
კონკურსზე კოლეჯი „ოპიზარი“ წარდგა კაფსულური კოლექციით „დრო“, რომელიც მოიცავდა ხუთ უნიკალურ სადღესასწაულო კაბას. თითოეული კაბა გამოირჩეოდა:
🔶 ხელით შესრულებული დეკორით
🔶 ნაქარგი დეტალებით
🔶 უნიკალური ქსოვილების გამოყენებით
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კაბაზე დატანილი იყო ქართული სიტყვა „ოპიზარი“, პრინტის ტექნოლოგიის გამოყენებით — როგორც პროფესიული იდენტობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სიმბოლო.
კოლექციის შექმნაში ჩართული იყო კოლეჯის სამკერვალო მიმართულების სტუდენტებისა და პედაგოგების გუნდი. მათ სამუშაო პროცესს მენტორობას უწევდა ცნობილი დიზაინერი სოფო ანდღულაძე, რომლის პროფესიულმა გამოცდილებამ და რეკომენდაციებმა კოლექციას დამატებითი ღირებულება შესძინა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის გამარჯვებული გახდა კოლეჯი „მერმისი“ კოლექციით „სტიქიური მოვლენები“, ყველა მონაწილე კოლეჯმა მიიღო მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესიულ მოდის სფეროში.





