კოლეჯ ,,ოპიზარში“ ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის ,,საქართველოს კარიტასის” ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის ინტერაქციული და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული ტრენინგი –,,მომარაგების ჯაჭვი აგრო მეურნეობაში” ჩატარდა.
ტრენინგს, სხვა მონაწილეებთან ერთად, დაესწრნენ კოლეჯის ვეტერინარიის, ფერმერობისა და აგრომექანიზაციის პროგრამების სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები, რომლებმაც მიიღეს თანამედროვე, პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნა აგრო მეურნეობის ეფექტური მართვის შესახებ.
ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა წარმოების დაგეგმვა, მოსავლის მართვა, ლოგისტიკა, ბაზარი და რეალიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერტიფიკაციისა და ხარისხის სტანდარტებს, რისკების შეფასებას, მდგრადობასა და თანამედროვე ინოვაციების დანერგვას.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის — „სოფლის განვითარება სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში“ — ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები თემების გაძლიერებას და აგრო საქმიანობის მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა მინდია თავხელიძემ, კოლეჯის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა გადასცა, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი იქნება. კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.



