სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ ნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში, რომელიც შექმნილია საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათა შორის შეთანხმების საფუძველზე.

სხვა მონაწილეებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდა სსიპ კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი, ქალბატონი მერი სახამბერიძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების გაძლიერებაზე, კოლეჯების შესაძლებლობების განვითარებაზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებაზე, ასევე ვეტერინარიის პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ამავე დღეს, ცენტრის ინიციატივით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ოპიზარსა“ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება, აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით კოლეჯის შესაძლებლობების განვითარება, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება.

კოლეჯი „ოპიზარისთვის“ მსგავსი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ქმნის საფუძველს პროფესიული განათლების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის. კოლეჯი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ემსახურება.