ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიებისა და საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა.
შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაში, სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორმა, ქალბატონმა მერი სახამბერიძემაც.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების სამინისტროსთან ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვაზე, რათა სამშენებლო კომპანიებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გახდეს.
აღინიშნა, რომ სამშენებლო სექტორის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარება და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მუდმივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებასა და ახალგაზრდების დასაქმებას, ისე ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.



